კონსტიტუციის 52-ე მუხლით, საქართველოს მთავრობამ, სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. განკარგულებას ხელს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. ამჯერად, პრეზიდენტი ლიეტუვაში გამგზავრებისთვის ითხოვდა ნებართვას. ზურაბიშვილის სურვილია 10-12 აპრილს ვილნიუსში სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს. უარის მიზეზად სახელისუფლებო გუნდმა ბოლო 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის არაერთი განცხადება დაასახელა, რომელიც მათი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ატარებდა.
ხელისუფლების ოპონენტები, მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილისგან ახლა, ვილნიუსში გამგზავრებას მაინც ელიან. ამის თქმის საფუძველს მათ, პრეზიდენტის არაერთი უნებართვო ვიზიტი აძლევთ. ოპოზიციისთვის, ამ დრომდე, მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს პარტნიორებთან ვიზიტზე, უარს ეუბნება.
წავა თუ არა, მორიგ ჯერზე, უნებართვოდ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში, უცნობია. ამ დრომდე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს.
მანამდე, სახელისუფლებო გუნდში, ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა კიდევ ერთხელ შეახსენეს. თქვეს, რომ ახლა, ვიზიტზე ნებართვის მოთხოვნა, თავად სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებაა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა ლიეტუვაში წასვლა სწორედ იმ მუხლით ითხოვა, რომელსაც სასამართლოში ასაჩივრებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მთავრობა საგარეო ვიზიტზე უარს ეუბნება. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებები საქართველოს ინტერესებს აზიანებს, შესაბამისად, მისი პარტნიორებთან კომუნიკაცია ქვეყანას არაერთი რისკის ქვეშ აყენებს.