ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, სოციალურ ქსელში გური სულთანიშვილის ვიდეოს აზიარებენ, სადაც ის აღნიშნული კანონპროექტის შესახებ საუბრობს.
თავად ტელეწამყვანი ამბობს, რომ ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ყალბი პროპაგანდის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.
სულთანიშვილი, ცრუ ინფორმაციაზე რეაგირებას თავად ფეისბუკისგან და ასევე ორგანიზაცია "ფაქტ ჩეკისგან" მოითხოვს. "ფაქტს ჩეკი" ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში "გამჭვირვალობის" კანონპროექტზე გავრცელებული ბანერები ფეისბუკს დააბლოკინა.
"სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მიჩვეული ვარ მათი მხრიდან ფეიკის გაკეთებას. არის ამოჭრილი, ვყვებოდი, იმათ რა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეთ, ამათ მოჭრეს ისე, თითქოს, ეს იყო ჩემი პოზიცია. ახლა იყენებენ თავიანთ სასიკეთოდ, რა თქმა უნდა, ფეიკია. facebook-მა ამ თემაზე რაღაც ქარდები დაბლოკა, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს რეაგირება, იმიტომ, რომ არის აზრის დამახინჯება, არა მანიპულაცია, ეს არის ფეიკი. ფეიკი იმ გაგებით, რომ უბრალოდ ტყუილია", - განაცხადა გური სულთანიშვილმა.