საქართველომ რუსეთს კიდევ ერთი საქმე მოუგო - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგმა თქვა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიცოცხლის უფლება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთრების უფლების დაცვა, განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.
გადაწყვეტილებაში, ე.წ. "ბორდერიზაცია" შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად. მორიგი გამარჯვება - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სტრასბურგის გადაწყვეტილებას თბილისში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის შეფასებით, დღევანდელი შედეგი იმ მტკიცებულებებისა და სამართლებრივი არგუმენტების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოზე წარადგინა.
"ეს ყველაფერი იმ მტკიცებულებებისა და სამართლებრივი არგუმენტების შედეგია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოზე წარადგინა. ამ მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ამ დარღვევებს აქვს სისტემური ხასიათი და ეს არღვევები არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. კონკრეტულად ინციდენტის ჩადენაში დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუ რა დოზით იყო რუსეთი ამ ყველაფერში ჩართული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი გადაცდომა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან აქვს ადგილი, ეს მიეწერება რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.