რატომ ეკრძალება საქართველოს ისეთი კანონის მიღება, რომლის ანალოგიც, ევროკავშირსა და საფრანგეთში, უკვე მიღების პროცესშია? - მმართველი გუნდისთვის შეკითხვა, ლეგიტიმურთან ერთად, პარადოქსულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონს სწორედ ის ელჩები და ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ, რომლებიც თავად მუშაობენ მსგავსი კანონმდებლობის მიღებაზე. მათივე თქმით, მწვავე განცხადებები ისმის იმ ქვეყნებიდანაც, სადაც გაცილებით მკაცრი კანონი უკვე მოქმედებს.
კანონპროექტის წინააღმდეგ მოწოდებები ქვეყნის გარედან დღესაც ისმოდა. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომლის პრესსპიკერიც გამჭვირვალობის კანონს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამაზიანებლად აფასებს. განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს.
სწორედ ცალკეული ევროპარლამენტარებისა და პარტნიორების განცხადებებია მთავარი არგუმენტი ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ევროკავშირისთვის მისაღები პროექტი საქართველოსთვის მიუღებელი იყოს.
გამჭვირვალობის კანონის მისაღებად, საფრანგეთსა და ევროპარლამენტში დაწყებული პროცესი კითხვებს არც სალომე ზურაბიშვილისთვის იწვევს. ოპოზიციის მსგავსად, განმარტებების გარეშე, კანონს მანაც დღეს ისევ რუსული უწოდა, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებისგან განსხვავებით, პოლიტიკური განცხადება 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის საერთო ინტერესებზე მმართველი გუნდი დიდი ხანია საუბრობს, თუმცა დღეს გაკეთებული განცხადებები უმრავლესობისთვის დამატებითი არგუმენტია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ევროკავშირში მიღებულ კანონმდებლობას საქართველოში რუსულად მხოლოდ იმიტომ მოიხსენიებენ, რომ მათ ინტერესში დაფინანსების გასაჯაროება არ შედის.
ის, რაც, უმრავლესობის შეფასებით, ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის, პირიქით - პროევროპული მიდგომაა. რატომ მუშაობს თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე? - მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი საქართველოში სხვა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ითხოვენ, რომ პროექტში მტრული სახელმწიფოები დაკონკრეტდეს, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი თანაბრად ეხება ყველა ქვეყნიდან შემოსულ დაფინანსებას.
გია ჯაფარიძე იყო ის, ვინც ღიად ღიად მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროექტის შინაარსში არ შესულიყვნენ და კანონისთვის მხოლოდ რუსული ეწოდებინათ. მმართველი გუნდისთვის, მსგავსი განცხადებები იმის დასტურია, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები არ არსებობს და პროტესტის მიზანი ფინანსების გაუმჭვირვალობაა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ქვეყნების ანალოგიური კანონპროექტების რეალურ შინაარსზე ვერ საუბრობენ და მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ეს კი, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ისევ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა. აქტიური საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება.