"ბრძოლა შავი ფულისთვის" - ასე ხედავს "ქართული ოცნება" პროცესებს, რომელიც მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს. გამჭვირვალობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს დღეს მოწინააღმდეგეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს. არასამთავრობო და მედია კი ერთადერთ სექტორად დასახელდა, რომელიც, "ქართული ოცნების" თქმით, ყველაზე მეტად დახურულია. მაგალითად სახელისუფლებო ძალას 2012 წლიდან დღემდე პერიოდი მოჰყავს და აცხადებს, რომ, ბოლო წლებში, მხოლოდ 7 ენჯეოს, 85 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ამ თანხიდან დეკლარირებულია მხოლოდ 15 მილიონი, დარჩენილი 70 მილიონზე მეტი კი გაუმჭვირვალედაა დახარჯული.
არასამთავრობო ორგანიზაციებში გაუმჭვირვალობის პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ, თუ რომელიმე "ენჯეოს" შემოსავალთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ეს უფრო ტექნიკური საკითხია და მისი მოგვარება ახალი კანონის მიღების გარეშეცაა შესაძლებელი.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან 85 მილიონიდან 70 მილიონზე მეტი ლარის შესაძლო გაუმჭვირვალედ ხარჯვას ოპოზიციაში გამორიცხავენ. მათი ნაწილი ამ საკითხზე საუბარს მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებს, ნაწილი კი ამბობს, რომ "ენჯეო" სექტორი დამატებითი დეკლარირებისგან თავისუფალია.
საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტულ მიზეზებს ასახელებენ, იმის ასახსნელად, თუ რატომ არ სურთ კონკრეტულ "ენჯეოებს" და პოლიტიკურ ძალებს კანონის მიღება და რა ინტერესი დგას რეალურად მათი წინააღმდეგობის მიღმა.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული 85 მილიონიდან, მხოლოდ 15 მილიონის დეკლარირების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, გუშინ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრანტების 82 პროცენტის მიზნობრიობა უცნობია, რაც 70 მილიონს აჭარბებს და კონკრეტულმა "ენჯეოებმა" ის გაუმჭვირვალედ დახარჯეს.