16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
35 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან

35 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გახსენება ყველაზე რთული დღეს იმ ადამიანებისთვის იყო, ვინც 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი პროტესტით და შიშველი ხელებით, თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. სიკვდილს გადარჩენილები იხსენებენ, რომ ხელკეტებით, ფარებითა და ნიჩბებით შეიარაღებულმა, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი დემონსტრანტების ერთსულოვნება ვერ შეარყია. 9 აპრილის მემორიალთან მისულმა მოქალაქეებმა საქართველოს დამოუკიდებლობას შეწირულ გმირებს პატივი დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს.

9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ადგილზე მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან ერთად მივიდა. პრემიერი მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ - მიტროპოლიტმა შიომ გადაიხადა.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს დღეს პატივი მიაგეს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმაც. უმრავლესობის ლიდერმა 35 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისა და თავგანწირვის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ოკუპაცია და 9 აპრილის გმირები დღეს პრეზიდენტმაც გაიხსენა.

9 აპრილის მემორიალთან დღეს დილიდან მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ტრაგიკული თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საბჭოთა არმიის მიერ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდების შედეგად დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის სახალხო დამცველმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. ხელკეტებით, ფარებითა და ნიჩბებით შეიარაღებული საბჭოთა ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუსწორდნენ. ვინც ხელკეტებს გადაურჩა, ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. დაიღუპა 21 და დაშავდა 427 მოქალაქე. ორი წლის შემდეგ კი უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

დღის ამბები