"ლელო" ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის განცხადებით, რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, უკონტროლოდ შემოედინება ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება. მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი" - "ლელოს" ეს საკანონმდებლო აქტი სამ მთავარ ინიციატივას მოიცავს.
"ჩვენ დავიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების მწარმოებლების, მოვაჭრეების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, რომლებიც ხელს აფარებს დანაშაულს.
განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობას და კონტროლს დავუწესებთ ყველა თანამდებობის პირს ნარკოდამოკიდებულების საკითხზე. ("ოცნება" ცდილობს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოტესტირება გააუქმოს და კანონი პირველი მოსმენით მიღებული აქვს, ეს დაუშვებელია).
ნარკომომხმარებლების სასტიკად დასჯისა და მათი ბედით ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად - ანუ იმ ადამიანების, ვინც მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ავრცელებს მათ და არის რთულ ვითარებაში, რადგან ვერ ანებებს თავს ამ სენს, ჩვენ ვიქნებით შემწყნარებლები. ჩვენ მოვახდენთ ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას და მთელს ძალისხმევას მივმართავთ რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე", - აცხადებენ "ლელოში".
საპასუხო კომენტარი უკვე გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ანტინარკოტიკული კამპანია პრემიერ-მინისტრმა დაიწყო, ოპოზიციური პარტია კი სპეკულირებს.