16 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - "ქართული ოცნება" ანალოგიურ რუსულ აბზაცს ითხოვს, შეთავაზების ადრესატად კი ოპოზიციას ასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეთავაზების ადრესატი ოპოზიციაა - მამუკა მდინარაძე ოპონენტებისგან, მინიმუმ, ერთი პუნქტის დასახელებას ელოდება, რომელიც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტსა და რუსულ კანონს შორის საერთოა. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ის, ვინც, განსხვავების ნაცვლად, საზოგადოების დარწმუნებას მათ მსგავსებაში ცდილობს, ან დეზინფორმაციის მსხვერპლია, ან თავადაა ჩართული ე.წ. შავი ფულისთვის ბრძოლაში.

რუსული კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის სხვაობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" არ საუბრობენ. პოლიტიკური ძალა რეგიონში მხარდამჭერებს ხვდება და საკუთარ მომხრეებს იმაში არწმუნებს, რომ პროექტი რუსულია. პარტიულ აქტივს დავალებებს "ვივამედის" კლინიკიდან აძლევს მიხეილ სააკაშვილიც. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ქუჩის აქციების გამართვის მოწოდებით გამოდის. პუნქტობრივ განხილვაში არ ერთვებიან "ლელოშიც" და კანონპროექტის განხილვიდან მოხსნას ითხოვენ.

რა განსხვავებაა მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ კანონპროექტსა და რუსულ კანონს შორის - სახელისუფლებო პარტიაში დეტალურად განმარტეს და თქვეს, რომ, თუ რუსული კანონი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ქართული ამ შესაძლებლობას არ უშვებს. ასევე, რუსეთში მოქმედი კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ხოლო ქართული მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება; "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ითქვა ისიც, რომ, რუსულისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ფინანსების გამჭვირვალობა ევალებათ და მათი საქმიანობა არ იზღუდება.

ოპოზიციის ნაწილმა დღეს ვერ უარყო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსული კანონიდან ამოღებული პუნქტები და მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს შორის კავშირი არ არის. ნაწილი კი, მსჯელობის გარეშე, ირწმუნება, რომ პროექტი არ უნდა დამტკიცდეს.

ოპოზიციის განცხადებები სახელისუფლებო ძალისთვის დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაა. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ქართულია და ის მაქსიმალურად დაახლოებულია დასავლურთან.

სახელისუფლებო გუნდის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის და სამოქალაქო სექტორის ნაწილისთვის. ისინი, პროექტის განხილვების პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები