"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.
ალეკო ელისაშვილმა ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ხელისუფლება, ერთი წლის თავზე, იმავეს აკეთებს.
"მოდი, ყველაფერს თავი დავანებოთ, მოვაშოროთ ეს შინაარსი, რუსულია, არ არის რუსული, აზერბაიჯანულია თუ ა.შ. ხალხი რომ ერთ წლის წინ რაღაცაზე ისე გაფრთხილებს, რომ დაილეწა რუსთაველი, იმავეს ერთი წლის შემდეგ რატომ აკეთებ? რატომ ჰგონიათ ეს ხალხი იდიოტი?" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ამბობს, რომ არაა საჭირო კანონპროექტი, რომლის მიღებას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არ ურჩევენ.
"საერთოდ ვისთვის არის ეს აქტუალური? ვის რა ოხრობად სჭირდება კანონპროექტი, რომელზეც ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც აქ იყო ჩამოსული, ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, შეერთებული შტატების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებ." – აცხადებს ელისაშვილი.
როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საგადასახადოს წინაშე პირნათელია და "ორმაგი გამჭვირვალობა" აქვს.
"ასეთ კანონებს იღებენ მტრების წინააღმდეგ. კანონი FARA, რომელიც არის შემოკლებული ვერსია, მიიღეს 1938 წელს ამერიკელებმა, ერთი მხრივ, ნაცისტების წინააღმდეგ და საბჭოთა "კაგებეს" წინააღმდეგ. ანუ, ფარამ მიიღო მტრების წინააღმდეგ, მტრების გავლენის შესასუსტებლად. ევროკავშირი იღებს მტრების წინააღმდეგ და პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ინტერესს ემუქრებიან რუსეთი და ჩინეთი და მათი გავლენების ასაკრძალად უნდათ. "ქართული ოცნება" პირდაპირ გვეუბნება, რომ მათი მტერი არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ერთმნიშვნელოვნად, მომხრე ვარ გამჭვირვალობის. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ორმაგი გამჭვირვალობა.
ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ორმხრივი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის. ყოველ თვე აბარებენ დეკლარაციას, აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ეჭვი, რომ ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაცას მალავს, თქვას, რომლის გაგება უნდა და, ბოლო თეთრამდე, 2 წუთში გავიგებთ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. რეესტრში შედით და იქ ყველაფერი ღიაა. საგადასახადოს წინაშე ყველა არის პირნათელი, რას ჰქვია ვინმემ ფული დამალოს? საგადასახადოს, ყოველ თვე, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური დირექტორი დეკლარაციას უვსებს, სადაც ბოლო თეთრამდეა ყველაფერი გაწერილი. შესაბამისად, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ეს არის ტყუილი.“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.