“გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გარშემო კვლავ პოლიტიკური ბრალდებები ისმის. ოპოზიციის ნაწილი შინაარსობრივ განხილვაში ისევ არ შედის, ნაწილი კი ისევ აცხადებს, რომ კანონი რუსულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ძალაშია ოპონენტებისთვის მიცემული ვადა, თუმცა ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია კანონიდან ერთი პუნქტი მაინც, რომელიც რუსულია და ქართულში მეორდება.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი თავისი არსით არის რუსული.
"თავისი არსით არის რუსული, ეს კანონპროექტი არის მხოლოდ სამართლებრივ-იურიდიული გაფორმება რასაც წლებია ეს ადამიანები ისედაც აკეთებენ, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოაშორონ ევროკავშირს,"- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის სტანდარტი უკვე დადგენილია.
"ევროპულ ღირებულებებს რა ეწინააღმდეგება და რა შეესაბამება ამას ადგენს ევროკავშირი, ამას არ ვადგენთ ჩვენ! ამ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის სტანდარტი არის დადგენილი. გამჭვირვალობა, რომ იყოს მიზანი ეს კანონი საჭირო არ იქნებოდა, რადგან გამჭვირვალობის სტანდარტი არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ქართული კანონმდებლობით,"- აცხადებს გვარამია.