16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ევროპული კანონი ერთ ქვაბში არ ხარშავს მტერს და მოყვარეს, თუ "ქართული ოცნება" ჩაწერს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებზე და ევროპაზე არ გავრცელდება, შეიძლება ამ კანონის განხილვა - პაატა მანჯგალაძე

საგარეო საქმეთა მინისტრი "უცხოური გავლენების" შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ არასწორია, როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას, საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებენ.

ამ აზრს არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც "ქართული ოცნების" რეზონანსულ პროექტს, დასავლეთთან ურთიერთობაში ბარიერად განიხილავს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონი მტერს და მოყვარეს ერთ ქვაბში არ ხარშავს.

მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" პროექტში ჩაწერს, რომ ეს კანონი სტრატეგიულ პარტნიორებზე არ გავრცელდება, მაშინ შეუძლია მისი განხილვა.

"ამ კანონს ჩვენი სტრატეგიული მეგობრები აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას მეგობრობის გზაზე. არც ევროპული კანონი, არც ფრანგული კანონი, რომელსაც ხშირად იშველიებს "ქართული ოცნება", ერთ ქვაბში არ ხარშავს მტერს და მოყვარეს. ის კანონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება, საქართველოს კანონი ვრცელდება ყველაზე. თუ "ქართულ ოცნება" პროექტში ჩაწერს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებზე და ევროპაზე არ გავრცელდება, მაშინ შეიძლება ამ კანონის განხილვა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს, რომელსაც საქართველოში განიხილავენ, რუსეთის მსგავსი კონტექსტი აქვს.

"ყველგან არსებობს, მაგრამ კონტექსტი, რომელიც საქართველოში აქვს, არის მსგავსი კონტექსტისა, რომელიც მას ჰქონდა რუსეთში. ჩვენ არც სხვა მოგვწონს, არც ამერიკული FARA მოგვწონს, არც ევროპული ანალოგი მოგვწონს და ზოგადად არ მოგვწონს, იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლის კანონი, რომლითაც საბოლოო ჯამში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება", - განაცხადა იგო ხვიჩიამ.

დღის ამბები