"ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო. განმარტეს მიზეზებიც. მათი თქმით, გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის პირობებში, ზუგდიდის თვითმმართველმა ორგანომ ფუნქცია დაკარგა და მუნიციპალიტეტზე მზრუნველი სახელმწიფო ინსტიტუციის ნაცვლად, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დასაქმების ადგილად იქცა.
ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ "ქართული ოცნების" ოპონენტები. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გახარიას პარტიის წევრია, ამბობს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა საკრებულოს სხდომების ჩაშლის გამო ვერ ხერხდება.
კოლეგების ბრალდებებზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს კომენტარი არ გააკეთეს. "ქართულ ოცნებაში" კი თქვეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით კონსულტაცია არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გაუმართავთ. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ვინც ზუგდიდში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მომხრეა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად თავმჯდომარის გადაყენებას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.
ამ დროისთვის ზუგდიდის თვითმმართველ ორგანოში სახელისუფლებო პარტიას 20 მანდატი აქვს, 8 "ნაციონალურ მოძრაობას", 14 ფრაქცია "ახალს", გახარიას პარტიას კი 3.