30 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
ფარული ჩანაწერები: ვინ არიან ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებსაც ბრალი წარედგინათ

ქურდულ გარჩევაში დისტანციურად მონაწილეობის ბრალდებით ოთხ ე.წ. “კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული არიკი მიხაელი (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებული ილია გაგლოევი (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებული პაატა ვაშაკიძე (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებული მალხაზ დარჩიევი (მეტსახელად „მახო“). ე.წ “კანონიერ ქურდებთან“ ერთად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“)

ამასთან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.
აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად „ეშხა“.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და ამ ქმედების განხილვისთვის „ქურდული“ გარჩევა მოეწყო. საქმეში ასევე, ჩაერთო „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“.

ამავე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“), რომელიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღის ამბები