გამჭვირვალობას დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლის პრინციპებს:
"გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლის პრინციპებს, ჩვენ მზად ვართ, რომ დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ქართველ ადგილობრივ პარტნიორებთან წარვმართოთ.
ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია - ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.
ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, ვიმეორებ, რომ ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის, შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. გამომდინარე აქედან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი შესაბამისი დისკუსია გაიმართება, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც გამჭვირვალობას დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.