კანონპროექტთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაკეთებული განცხადებები და კრიტიკა, სახელისუფლებო ძალისთვის, საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმია. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, თუ პარტნიორების წუხილი რეალურია, გაუგებარია, რა მიზნით არ გასაჯაროვდება კონკრეტული პროექტების მიზნობრიობა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება.
უცხოელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან კი, საკითხის მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. ბოლო დღეებში, უკვე მეორედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს კითხვას ამ თემაზე უსვამენ. მეთიუ მილერი აცხადებს, რომ თუ პროექტი კანონად იქცევა ის სამოქალაქო საზოგადოებას დააზარალებს და საქართველოს ევროპული გზას ჩამოაშორებს.
ჟურნალისტი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში მეთიუ მილერს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები რამდენჯერმე დაუსვა, ალექს რაუფ-ოღლუა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რაუფ-ოღლუ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებულია და ის ფარას რეესტრშიც ირიცხება. საპარლამენტო უმრავლესობას, ამ გარემოების გათვალისწინებით, არ უკვირს, რომ ჟურნალისტი საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასვამს კანონპროექტზე კითხვას. ამბობენ, რომ პასუხი ყოველთვის ერთი იქნება - ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე.
ოპონენტების განცხადებები სახელისუფლებო გუნდისთვის სპეკულაციურია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვა და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი. სახელისუფლებო ძალაში, დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მიზნებზე, რომლებიც შესაძლოა, გაუმჭვირვალობის მიღმა იმალებოდეს.
დასავლეთის კრიტიკას ბერლინიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ღირსების საქმეა", რომ არგუმენტების გარეშე გადაწყვეტილება არ შეცვალოს.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში განხილვები ორშაბათიდან იწყება.