16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
გერმანია არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, პარტნიორი, რომელიც, ბოლო პერიოდში, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ მხარდამჭერად ჩამოყალიბდა - ილია დარჩიაშვილი

საქართველო აქტიურად განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს პირველ რიგში ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, გერმანია იყო ერთ-ერთი გამორჩეული.

"ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პრემიერ-მინისტრი, სწორედ თავისი პირველი ორმხრივი ვიზიტით ჩამობრძანდა ევროკავშირში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გერმანია არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, პარტნიორი, რომელიც, ბოლო პერიოდში, ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ მხარდამჭერად ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს საქმეშიც გამოიხატა. გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ მიიღო რეკომენდაციის სახით და შემდგომ უკვე ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების თაობაზე, ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, გერმანია იყო ერთ-ერთი გამორჩეული.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი, ვფიქრობ, ძალიან დროული, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. საუბარიო შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ყველა განზომილებას. საუბრის დროს დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობა, თუ როგორ დავაახლოოთ მომავალში გერმანია და საქართველო ერთმანეთს. რაც ყველაზე მთავარია და ეს პრესკონფერენციაზეც გაჟღერდა კანცლერის მხრიდან, პირადად კანცლერი და გერმანია მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ვფიქრობ, თუ განვიხილავთ პრესკონფერენციას, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, კანცლერის შეფასება გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე იყო საუბარი, მან ცალსახად გაუსვა ხაზი იმ რეკომენდაციების ნუსხას, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ესაა ჩვენი დღის წესრიგი და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც შეხვედრის დროსაც იყო ხაზგასმული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან. საქართველო აქტიურად განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს პირველ რიგში ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები