16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
ეროვნული ბანკის საბჭო - "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას არ ენდობიან

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას არ ენდობიან და ამბობენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ეროვნული ბანკის საბჭოსთვის დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევას ვერ შეძლებენ. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ 6-კაციანი კომისიიდან, მინიმუმ, 3 წევრი მიკერძოებულია და ამის არგუმენტად არჩილ მესტვირიშვილის, გიორგი ისაკაძისა და თამარ სულუხიას კავშირები ოპოზიციასთან მოჰყავთ.

არჩილ მესტვირიშვილმა, რომელიც ეროვნულ ბანკში წინა ხელისუფლების პერიოდიდან მუშაობდა, და ბოლოს პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 2 კოლეგასთან ერთად, დატოვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება პირდაპირი საბოტაჟი და საკვანძო ინსტიტუტის ჩამოშლის მცდელობა იყო. თავად მესტვირიშვილი კი მიზეზად ნათია თურნავას ბრძანებას ასახელებდა, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მიერ სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური ტრანზაქციები არ ეზღუდებათ. თამარ სულუხია კი კომისიის თავმჯდომარეა. ის პოლიტიკური პოზიციებით საჯარო სივრცეში აქტიურია, თუმცა დღეს მედიასთან პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ ისურვა. მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არ უპასუხეს არც გიორგი ისაკაძემ და არც - არჩილ მესტვირიშვილმა. ისინი დღეს სალომე ზურაბიშვილთან კომისიის მორიგ სხდომას მართავდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი ეროვნული ბანკში დაძაბულობის შექმნა და მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პარალიზების მცდელობაა.

კომისიის შემადგენლობის ობიექტურობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა სწორედ იმ ცვლილებების შედეგად ასრულებს, რომელიც კანონით აზღვევს ბანკში საბოტაჟის რისკებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, ამ მიმართულებით, პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უნდობლობას კონკრეტული მიზეზები აქვს.

ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური 4 წევრის პოზიციაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი 28 განაცხადია შესული. კანდიდატები სალომე ზურაბიშვილს კომისიამ 20 აპრილამდე უნდა წარუდგინოს - ამის შემდეგ კი, პრეზიდენტმა პარლამენტს - დასამტკიცებლად.

დღის ამბები