სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი, სახელისუფლებო გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დღეს ღიად თქვა, რომ პრეზიდენტმა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში და სახელმწიფო ქონების დაზიანებაში მსჯავრდებული პირის შეწყალებით, ქვეყანაში დანაშაული წაახალისა.
სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება გუშინ, მოსამართლის განაჩენის გამოცხადებიდან თითქმის 11 საათის შემდეგ, მედიით გაასაჯაროვა.
ჯერ ხელი არ მოუწერია, თუმცა, პოზიცია უკვე ცნობილია. ზურაბიშვილის გადაწყვეტილება უკვე მოიწონეს ოპოზიციაში და მეტიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენაც მოუწოდა.
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება გააპროტესტა და სამსახური დატოვა სალომე ზურაბიშვილის პირადმა ფოტოგრაფმა. გიორგი აბდალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფაა, ვინც სამშობლოს ემსახურება. გიორგი აბდალაძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. წლების წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი მოგვიანებით გაუქმდა და ფოტოგრაფები მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდნენ.
პროტესტი გამოთქვა სულხან მოლაშვილის ძმამაც, რომელმაც ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დანაშაულის წახალისებად შეაფასა.
გამოთქმული პროტესტი არ უკვირს სახელისუფლებო გუნდს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის ქმედება, ანტისახელმწიფოებრივთან ერთად, პოლიციის შეურაცხყოფაა.
ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება 2 მუხლს ედავებოდა - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის განადგურებას. მოსამართლე ზვიად შარაძემ ის ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, გრიგორიადისმა, 7-8 მარტის აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი 2-ჯერ ისროლა, ასევე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა. სახელმწიფო ბრალდება ამბობდა იმასაც, რომ ლაზარე გრიგორიადისმა, გამოძიების საწყის ეტაპზე, ვიდეოჩანაწერებში საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ პირი, ვინც მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველებს ესროლა, გრიგორიადისია.