16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიისგან - პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში დასრულებულია

ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერლინმა თბილისს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. გზავნილები ირაკლი კობახიძემ უშუალოდ ოლაფ შოლცისგან მიიღო. დადასტურდა მზაობა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ოფიციალურ შეხვედრებზე ყურადღება, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე გამახვილდა.

ოპოზიცია ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს, მათ შორის - ევროინტეგრაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, კანცლერის პოზიცია აღმოჩნდა.

სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ოპოზიციას აქცენტი სხვა თემაზე მიზანმიმართულად გადააქვს. იმ ფონზე, როდესაც, "ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, გერმანიის კანცლერმა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს პროგრესსა და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე აქცენტირებულად ისაუბრა. კრიტიკის საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტებს არგუმენტები კიდევ ერთხელ მოსთხოვა. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ინიციატივა, რომელზეც, მათ შორის, ევროკავშირი მუშაობს, არ შეიძლება, კრიტიკის საფუძველი საქართველოში გახდეს.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ გერმანიის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც დადასტურდა. მას შემდეგ ბერლინის პოზიცია უცვლელია. მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში გრძელდება.

ირაკლი კობახიძეს გერმანიაში, პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი ჰქონდა. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ევროინტეგრაცია, რეგიონში არსებული გამოწვევები, თავდაცვა და უსაფრთხოება - საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ირაკლი კობახიძემ, გერმანიის კანცლერის გარდა, სხვა მაღალი დონის შეხვედრებზეც განიხილა, მათ შორის - ქვეყნის პრეზიდენტთან და ბუნდესტაგის პრეზიდენტთან.

დღის ამბები