თეირანის მუქარის ფონზე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჰორმუზის სრუტეში გემი დააკავა. საკონტეინერო ხომალდი ისრაელთანაა დაკავშირებული. არავინ იცის, არის თუ არა ეს დაანონსებული რევანშის პირველი ნიშანი, თუმცა ფაქტია, რომ ისრაელზე შესაძლო თავდასხმა ზედმეტად რეალური პერსპექტივაა.
თეირანმა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, უკვე თქვა, რომ ისრაელზე დარტყმას შეზღუდულ მასშტაბებში, თუმცა აუცილებლად აპირებს, მაგრამ მას შემდეგ 13 დღე გავიდა.
1-ელ აპრილს, დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმამ და მაღალი რანგის სამხედრო მოხელეების მკვლელობამ რეგიონში ვითარება დაძაბა. მართალია, ისრაელს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ამ აზრს არც თვითონ და არც პარტნიორები შეწინააღმდეგებიან. პასუხად, დღეს, ისრაელის მისამართით ჰეზბოლამაც გაისროლა - 40 რაკეტა “რკინის გუმბათმა” მოიგერია, თუმცა საფრთხე არსად წასულა. ისრაელში ამბობენ, რომ, შესაძლო შეტევაზე საპასუხოდ, ყველაფერი მზად აქვთ, თუმცა მოსახლეობისთვის განსაკუთრებული დირექტივები ჯერ არ გაუციათ.
ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა შესაძლო სცენარზე მარტო არ მუშაობენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური - გენერალი მაიკლ კურილა უკვე სტუმრობდა ქვეყანას. შეხვედრის შემდეგ, ითქვა, რომ ირანი მხოლოდ აძლიერებს აშშ-ისრაელის კავშირებს, თუ მას რამე საპირისპიროს იმედი ჰქონდა. მიუხედავად ღაზის საკითხზე აშშ-ისა და ისრაელს შორის არსებული განხეთქილებისა, ირანის პოტენციური თავდასხმის წინაშე ვაშინგტონი სტრატეგიულ პარტნიორს რკინისებრ მხარდაჭერას ჰპირდება.
ირანმა შტატებს, არაბული ქვეყნების დახმარებით, შეუთვალა, რომ თუ კონფლიქტში ჩაერთვება, ამერიკულ პოზიციებს დაარტყამს. თუმცა ვაშინგტონი და ისრაელი ერთად გაცილებით ძლიერი კავშირია, ვიდრე ირანი ისურვებდა. მითუმეტეს, რომ შტატებს რეგიონში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს, წითელ ზღვაში კი ცნობილი "ეიზენჰაუერიც" კი გაგზავნა. სწორედ ამიტომ დგას ახლა ირანი დილემის წინაშე - "დაიცვას ღირსება, თუმცა არ გადაამლაშოს."
ვიდრე მსოფლიო ირანის შესაძლო ნაბიჯებზე მკითხაობს, საელჩოები და კომპანიები რისკებს აზღვევენ. გერმანულმა და ავსტრიულმა ავიაკომპანიებმა ირანში ფრენები დროებით შეაჩერეს. საფრანგეთმა,პოლონეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა და სხვებმა კი საკუთარ მოქალაქეებს ისრაელსა და ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩიეს. საელჩოების ნაწილი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, დიპლომატიური სატელეფონო ხაზები კი გადატვირთულია, იმ მოწოდებით, რომ, ისედაც ცეცხლსაშიშ რეგიონში, მხარეებმა მორიგი ესკალაცია თავიდან აირიდონ.