"დედაენის ბაღში" კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ - ისინი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ.
რატომ არის მათთვის კანონი რუსული - "დედაენის ბაღში" შეკრებილები კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემენ. ადგილზე იმყოფება ყოფილი სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა კანონპროექტი კანონად არ უნდა აქციოს, თუმცა რატომ არის გამჭვირვალობის საკითხი პრობლემური, ყოფილი ომბუდსმენი შინაარსობრივ განხილვაში არ შედის.
"ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონი არის ეს კანონი, რომელსაც ხვალ პარლამენტი განიხილავს. თავისი შინაარსით ეს კანონი გულისხმობს იმას, რომ დასავლეთი და დასავლური პარტნიორები წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოსთვის, ამიტომ ისინი უნდა გამოცხადნენ უცხო ძალებად ამ ქვეყანაში, რომელთაც აქვთ საეჭვო და არასახელმწიფოებრივი ინტერესები,“ - აცხადებს საზოგადოებრივი პლატფორმის ”საქართველოს ევროპული ორბიტა” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
მომღერალ თამარ ჭოხონელიძის განცხადებით, მთავრობა ხალხს შეპირდა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტს აღარ დააბრუნებდა და პირობა არ შეასრულა.
"მაშინ, როდესაც გამოიწვიეს უკან კანონი, მაშინ, როდესაც დაგვპირდნენ, რომ ეს კანონი აღარ დაბრუნდებოდა, ასე იყო ნამდვილად, მოიტყუეს. დასავლელი პარტნიორები კი არა შენ ცხადდები შენი ქვეყნის მტრად, როდესაც შენ დასავლეთი გაფინანსებს. კარგით რა, ნუ მედავებით,“ - აცხადებს მომღერალი თამარ ჭოხონელიძე.