"დედაენის ბაღში" დღეს გამართულ შეკრებას, სადაც ხელოვანების ნაწილმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებმა ჯერ კანონპროექტი უნდა წაიკითხონ და განცხადება შემდეგ გააკეთონ.
"ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს და ნუ გახდება პროპაგანდის მსხვერპლი. წაიკითხონ ჯერ ეს ძალიან მოკლე, რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი და შემდეგ გააკეთონ ან განცხადება, ან პროტესტი, ან მხარდაჭერა. ეს არის იმდენად მარტივი რამ და ადვილად ხელშესახები საკითხი, რომ ამ თემაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს. შემოვიდნენ მსჯელობაში, ოღონდ ჯერ წაიკითხონ კანონი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში რასაც ვისმენთ ჩვენ, ყველა საუბრობს რაღაც კლიშეებზე, დაზეპირებულ ფრაზებზე, ტყუილებზე სინამდვილეში, ოღონდ ისე, რომ ერთი გვერდიც არ აქვთ ამ კანონის წაკითხული.
საქართველოში არავინ არ მიიღებს რუსულ კანონს, არავინ არ აპირებს რუსული კანონის მიღებას, ეს არის ევროპული კანონი, ეს არის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმ სექტორის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს, რომელიც ყველაზე უფრო მეტად არის ბინდით მოცული,’ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.