"დედაენის ბაღში“ დღეს გამართულ შეკრებას, სადაც ხელოვანების ნაწილმა და არასამთავრობო სექტორის წარმომდგენლებმა გამჭვირვალობის კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესეტს, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, ოპონენტებმა ჯერ კანონპროექტი უნდა წაიკითხონ და განცხადება შემდეგ გააკეთონ.
საუბრობენ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც და ამბობენ, რომ ეს კანონი არის ევროპული, რომელიც ქვეყნის იმ სექტორის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს, რომელიც ყველაზე მეტად არის ბინდით მოცული.
"მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მე მათი მესმის, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები, ამიტომ უნდა მოაგროვონ ხალხი ქუჩაში, მაგრამ ამასაც ვერ შეძლებენ. ხალხის მოგროვებას სჯობია, რომ პასუხები მოაგროვონ და მათ შეუძლიათ ასევე კითხვებიც მოაგროვონ ლეგიტიმური - ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. მაგრამ, მათდამი ჩვენგან დასმული კითხვა, რაც საზოგადოებასაც აინტერესებს, პასუხებსაც აუცილებლად მოვითხოვთ კომიტეტზეც და საზოგადოებაც ითხოვს თუ რა არის ამდაგვარი დასამალი შავი ფული, რითიც მათ სურთ, რომ საზოგადოების აზრის ფორმირება თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ მოახდინონ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი დიმიტრი ხუნდაძე.