16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს

უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. დილიდან ყურადღების ეპიცენტრში სწორედ საკანონმდებლო ორგანო იქნება. 10 საათზე ინიციატივის მუხლობრივ განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს, 10-ზეა დაგეგმილი საპროტესტო აქციაც. დისკუსიისთვის კარი ღიაა, "ქართული ოცნება" კანონის მოწინააღმდეგეებისგან, ქართული და რუსული კანონების მსგავსებაზე კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს.

"თუ ვინმე ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან" - ამბობს უმრავლესობის ლიდერი.

"ქართული ოცნება" ისევ მოლოდინის რეჟიმშია, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი კი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და არგუმენტების გასაჯაროვებას ხვალისთვის აანონსებს.

კანონპროექტის ინიციატივიდან ერთ კვირაში, "ქართული ოცნების" ოპონენტებმა შეთავაზება მიიღეს - მმართველი გუნდი ოპოზიციას 7 გვერდიან დოკუმენტში რუსული კვალის პოვნას არგუმენტებით სთხოვს, ასეთ შემთხვევაში კი კანონპროექტის უკან გაწვევის შესაძლებლობასაც განიხილავს.

მოლოდინის რეჟიმში პასუხი მაინც არ ისმის. ოპოზიციის ნაწილი ჯერ ინიციატივის შინაარსში შესვლას არ აპირებდა, მოგვიანებით კი გეგმა შეიცვალა – "ლელოში" ამბობენ, რომ საკუთარ არგუმენტებს საკომიტეტო მოსმენის დროს დაასახელებენ.

"ლელოს" მსგავსი სტრატეგია აირჩია "ნაციონალურმა მოძრაობამაც" - ოპოზიციური პარტია კონკრეტული შეთავაზების შემდეგაც კონკრეტიკისგან ისევ თავს იკავებს, კანონპროექტს რუსულად აცხადებს და საკუთარი არგუმენტების გასაჯაროებას ორშაბათისთვის აანონსებს.

არგუმენტების ძიებაში ოპოზიცია ირწმუნება, რომ პუნქტების დასახელების გარეშეც ქართულ კანონპროექტს ევროპულთან საერთო არაფერი აქვს.

მეორე და მეცხრე მუხლები - კოლეგებისგან განსხვავებით, გახარიას პარტიაში დაკონკრეტდნენ. ამბობენ, რომ 7 გვერდზე, არცერთი წინადადება არ წერია იმის შესახებ თუ რომელ მტრულად განწყობილ ქვეყანას ეხება ახალი კანონი. სწორედ ამიტომ შეთავაზებას საკუთარ ინიციატივას უპირისპირებენ.

გახარიას პარტიის მსგავასად, ალტერნატიული კანონის წარდგენას გეგმავს "გირჩიც" - პარტია ლობიზმის დაკანონებას ითხოვს, იქამდე კი "ქართულ ოცნებას" ინიციატივას უწუნებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, კანონპროექტის კანონად ქცევას მოჰყვება.

სანამ ოპოზიციის ნაწილი არგუმენტებს ორშაბათისთვის ინახავს, მმართველი გუნდი ოპონენტებს და საზოგადოებას ქართული კანონპროექტის დეტალებს თავად უხსნის.

პირველი განხილვის თარიღი ჩანიშნულია - ორშაბათს ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი დაიწყებს, მსჯელობის პარალელურად უკვე დაგეგმილია საპროტესტო აქციაც.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები