30 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
"რაღაც დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება" - შალვა პაპუაშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე

მეთიუ მილერის განცხადებას, რომელიც, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ნაბიჯები გადადგას", უმრავლესობა პასუხობს.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ქართული მხარე დღემდე ელოდება არგუმენტებს, რის საფუძველზე დაასანქცირეს მოსამართლეები.

"ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები მივიდნენ მოსამართლესთან, მოსთხოვეს ანგარიში და ამით გახადეს ის და მისი ოჯახი მორალური ტერორის ობიექტი, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის ზიანი მისი არასრულწლოვანი შვილისა. აქ არის ყველა არგუმენტი და ფაქტი მოცემული იმისთვის, რომ დაველოდოთ განმარტებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან, ამიტომ ჯერ უნდა მოვისმინოთ განმარტებები ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს, აქაც უკვე ვფიქრობ არასერიოზულია ამ საკითხზე მსჯელობა. არაერთხელ ითქვა - ერთი რამე ფაქტი მოგვაწოდეთ, აქაც დოგმებით არის, ერთადერთი არის ის, რომ რაღაც დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება. სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ მუშაობს. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია საქართველოს რომელიმე მოქალაქის ან საქართველოში მყოფი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა წარმოადგინოს რაიმე ხელშესახები მტკიცებულება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები