30 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ, მეგობრებო, და უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო - მამუკა მდინარაძე

უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა.

"მთავარი იცით რა არის? ვერცერთი ჟურნალისტი, ვერცერთი მოქალაქე, გულწრფელი, არაგულწრფელი, დავანებოთ თავი, ნუ დავყოფთ, ვერცერთი ადამიანი ბუნებაში ამ აზრის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, ვერცერთი ევროპელი პარტნიორი ვერ გვეუბნება რატომ არის კანონი, საკუთრივ კანონი, რაც წერია შავით თეთრზე, რატომ არის ცუდი, ან რუსული, ან რა ვიცი, არ მინდა სხვა ქვეყანა მოვიხსენიო ნეგატიურ კონტექსტში, ცუდი რატომ არის ვერ გვეუბნებიან და არა, გვაძალებენ, ასე უნდა ქნათო. შენ შენს ქვეყანაში კი არ უნდა მიიღო გადაწყვეტილებები.

დააორგანიზებენ, მოატყუებენ 10 ათას, 5 ათას, 15 ათას, რაღაც რაოდენობას ადამიანებისას და ეს არის ხალხი, გეუბნებიან და შენ არ უნდა გადაწყვიტო და უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ, მეგობრებო, და უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო. მათი გავლენა ნებისმიერის, მოდით პირდაპირ დავარქვათ სახელი, ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თავის ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

დღის ამბები