83 არც ერთის წინააღმდეგ - ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
მათ აღნიშნულ პროცედურამდე დატოვეს სხდომა, ნაწილი დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა. განხილვის დროს ისმოდა შეძახილები და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ოპოზიციამ კანონპროექტს კვლავ "რუსული" უწოდა, ხოლო უმრავლესობის წერებს კი "მოღალატეები":
"მათ რიგებში 100%-ით რუსებიც არიან, მოღალატეებიც არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას მათში არ უნდოდა ამ კანონზე ხმის მიცემა და ისინი ივანიშვილის მძევლები არიან. ჩვენ ყველაფერი რუსულის წინააღმდეგი ვიქნებით ამ ქვეყანაში," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”-ს წევრი დავით ხაჯიშვილი.
”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ეს თამაში ხელისუფლებამ პირწმინდად წააგო, ახლა კი, მათი მხრიდან წაგების აღიარებაა დარჩენილი:
"ეს თამაში ხელისუფლებამ პირწმინდად წააგო, ისევე როგორც ლგბტ თემა. ახლა კი უბრალოდ ამ წაგების აღიარებაა დარჩენილი. ჯიუტდებიან აღიარებაში, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი არის ყულფის კიდევ უფრო მეტად გამყარება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით თვითონ მოიჭირეს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.