16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
თუ ამ კანონის მიღება მოხდება ეს ვერ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდეს, პირიქით, ეს გაართულებს სიტუაციას - პაველ ჰერჩინსკი

ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, თუ კანონის მიღება მოხდება ეს ვერ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდეს.

"ევროკავშირის ელჩები, ასევე ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დაგვპატიჟა. პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავისი შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც ყველას მოგეხსენებათ, ევროკავშირმა მყისიერი პასუხი გაავრცელა როგორც კი კანონპროექტის ინიცირება მოხდა. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა. გუშინ კი უკვე განცხადება გაავრცელა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ვფიქრობ მისი პოზიცია მკაფიო და გასაგებია..

თუ ამ კანონის მიღება მოხდება ეს ვერ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდეს. პირიქით, ეს გაართულებს სიტუაციას, ეს მკაფიოდ არაა თანხვედრაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

დღეს 17 აპრილს ევროპელი ლიდერები ბრუსელში ხვდებიან ერთმანეთს. საბჭოზე განიხილება სხვა და სხვა საკითხი, მათ შორის უკრაინასა და თურქეთის შესახებ. დღის წესრიგში არ არის საქართველოს თემა, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ განიხილონ ეს საკითხი. ეს მხოლოდ ლიდერებზეა დამოკიდებული.

საქართველო არის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო, სწორედ ქვეყანაზეა დამოკიდებული რა სახის კანონს მიიღებენ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველოში. თუმცა, როგორც ბატონმა მიშელმა და სხვა ევროპულმა ლიდერებმა განაცხადეს, თუ ეს კანონი იქნება მიღებული ეს ვერ დაეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირის წევრობის მიზანს.

ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი მომავალი სურთ. ჩემი როლია წარმოვადგინო რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის. რა სარგებლობას მოუტანს ეს ქვეყანას. ასევე წარმოვადგინო თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებენ საქართველოში.

თუმცა, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საქართველოში, ქართველების მიერ და არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, ამ ყველაფრისთვის ქართველმა ხალხმა, თაობებმა, წლების განმავლობაში იბრძოლა იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ სრულად დამოუკიდებლები და თავად გადაეწყვიტათ თავიანთი მომავალი. ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პროტესტს. მაგრამ, ნებისმიერი სახის ძალადობა ნებისმიერი მხარისგან დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები