16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
2020-2022 წლებში "ენჯეოებს" საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს, მგონია, ამას ვერ გაბედავდნენ - პრემიერი

2020-2022 წლებში "ენჯეოებს" საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ჰქონდათ - მაშინ რომ ემოქმედა კანონს "გამჭვირვალობის შესახებ," მგონია, რომ "ენჯეოები" ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ ჰქონოდა, “ენჯეოები“ დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ.

"2020-2022 წლებში “ენჯეოებს“ ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ გაყალბდა PVT. როგორ დასჭირდათ ხუთი კვირა აღიარებისთვის, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, თითქოს, ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე, მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა, თითქოს, ეს “არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში“. ამან რადიკალური ოპოზიციისთვის საბაბი შექმნა, საბოტაჟი დაეწყოთ, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ამ “ენჯეოების“ ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43%-იან ბარიერს. მუნიციპალურ არჩევნებში რომ არ აგვეღო 43%, ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. მთელი ამ პროცესის მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ არ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა. რაც შეეხება მეორე მცდელობას, 2022 წლის ივნისში, “ენჯეოები“, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც „ენჯეომ“ არ უნდა გააკეთოს. ვა - ბანკზე წავიდნენ და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში. მაშინ რომ ემოქმედა კანონს “გამჭვირვალობის შესახებ“ მგონია, რომ “ენჯეოები“ ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ, დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ არ მოქმედებდა კანონი “გამჭვირვალობის შესახებ“, ჩვენი სუვერენიტეტი მყარად არ იყო დაცული. პირველი გვაწუხებდა რევოლუციის მცდელობები“,- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ “ენჯეოები“ აქტიურად ცდილობენ თავს დაესხან მართლმადიდებლურ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია.

"დარწმუნებული ვარ, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ ყოფილიყო მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ “ენჯეოებს“ დონორების წინაშე, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული “ენჯეო“ წლების განმავლობაში თავს ესხმის ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას კონკრეტულ დონორთან დაკავშირებით? “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ იყო, შესაბამისად, კონკრეტული “ენჯეოები“ თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. პარალელურად, “ენჯეოები“ ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომელიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად. ისინი მხარს უჭერდნენ ისეთ აქტივობებს, რომელიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისაკენ," -აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები