"უცხოური გავლენების" შესახებ კანონ-პროექტი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო განხილვის პარალელურად პროტესტი გრძელდება. უკვე მესამე დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან "ქართული ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ აქციები იმართება. მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
აქციის დაწყების დრო უცვლელია -19:00 საათი. დროის მოახლოების პარალელურად , მანიფესტაციაზე მიმავალ ადამიანთა რაოდენობაც იმატებს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ დროშები და პლაკატები, რომელიც კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.
ადგილზე ჩანან პოლიტიკოსებიც, რომლებიც საზოგადოებას აქტიური პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, მოსმენების შემდეგ ეტაპზე საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება.
"რაც უფრო გადავალთ შემდეგ მოსმენებში, რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. შემოგიერთდება ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი... შესაბამისად, მობილიზაცია ამ კანონის წინააღმდეგ იქნება ძალიან მაღალი. "ოცნებას" მისი გატანა ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ეს არის თავისუფალი ქართველების ბრძოლა სამშობლოსა და სახელმწიფოს უფლებისთვის.
"ვაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას, რომელიც გაგრძელდება ბოლომდე, მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაწვეული და მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. პროტესტი იქნება კიდევ უფრო მტკიცე და კიდევ უფრო სერიოზული. ბევრად უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ პროტესტს და ბევრად უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება ჩვენი საერთო პროტესტი. ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური პროტესტი, ეს არის თავისუფალი ქართველების ბრძოლა სამშობლოსა და სახელმწიფოს უფლებისთვის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.