“ვივა-მედი“ - ს კლინიკიდან, სასამართლო პროცესის გავლით, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი გზავნილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაუგზავნა. ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს უფრო მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს. სააკაშვილმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ოპოზიცია საერთო სიაზე ჩამოყალიბდეს.
სააკაშვილის მოწოდებები არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველი ძალა ყოფილ პრეზიდენტს წარსულს ახსენებს და პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდას ურჩევს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ინიციატივა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცვლილებების ერთადერთი სწორი გზაა. იმავეს ფიქრობენ ყოფილი ნაციონალებიც და ამ ერთობაში სალომე ზურაბიშვილსაც ეპატიჟებიან.
საერთო სიის ფორმირების იდეა მოსწონს "გირჩსაც", თუმცა, იაგო ხვიჩია მის პარტიას ამ შემადგენლობაში ვერ ხედავს. ამ ერთობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ ვერც გახარიას პარტიის წევრები.
ერთად თუ ცალ–ცალკე, ოპოზიციას პერსპექტივა არ აქვს – ეს სახელისუფლებო გუნდის აზრია, სადაც ფიქრობენ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია სხვადასხვა სახელის მიუხედავად, მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ ერთიანდება.
საქალაქო სასამართლო დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მსჯელობდა. სახელმწიფო ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.