პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეალურად არ არსებობს არცერთი არგუმენტი იმისთვის, თუ რატომ ცდილობენ ოპონენტები გამჭვირვალობის კანონს რუსული დაარქვან. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ და ძალიან ღიად განაცხადა, რომ აქამდე, მიუხედავად ჩვენი გახსნილი პოზიციისა დისკუსიისთვის, დიალოგისთვის, რეალურად ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ხელისუფლებას არ მოგვისმენია არცერთი რეალური არგუმენტი, თუ რატომ ცდილობენ ჩვენი ოპონენტები ამ კანონს დაარქვან რუსული. კვლავ ვხედავთ, რომ ლოზუნგებით მიდის კომუნიკაცია და მცდელობა, რომ როგორმე ეს პროტესტი შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენ თანამოქალაქეებს, მათ შორის, მათ ვინც გულწრფელად კრიტიკულად იყოს განწყობილი, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ ვინ ცდილობს ჩვენ დაგიკავშიროს რაიმე რუსული ინიციატივა და ამ კანონს დაარქვას რუსული - ცდილობენ ადამიანები, ვინც მართლა ყველაფერი რუსული გააკეთეს ამ ქვეყანაში: ჩააბარეს ტერიტორიები, ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოში რეზოლუციას, რომლითაც ჩვენ ქვეყანას დააბრალეს ომი, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს რუსეთს, მედია დაატერორეს, ბიზნესი დაარეკეტეს, ადამიანის უფლებები გაასწორეს მიწასთან და დღეს ესენი ბედავენ და ჩვენ გვაბრალებენ რაიმე რუსულს. ევროპა უნდა დავიცვათ "ქართული ოცნებისგანო" ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი," - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, დღეს ევროკავშირშიც დგას საჭიროება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
[რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს] პირველი, რომ, გავიგოთ არის თუ არა ეს კანონი რუსული, არსებობს ობიექტური საშუალება და 15 წამში შეგვიძლია გადავამოწმოთ არის თუ არა ეს კანონი რუსული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ევროკავშირის 15 ქვეყნის უკვე აქვს გამჭვირვალობასთან და გარე დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ამასთან, ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 მიჩნევს, რომ საჭიროა დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმები და ადგილი აქვს ევროკავშირის დემოკრატიაში გარე ჩარევას და სთხოვს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით მიიღონ ზომები. ამის შემდეგ, ევროპის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშავა ევროდირექტივა და გასცა ევროპარლამენტს განსახილველად, რაც უნდა მიიღოს ევროკავშირმა უახლოეს პერიოდში. ჩვენი ინიციატივა არის ქართული, ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას და დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. ევროკავშირშიც დღეს ეს საჭიროება დგას და მიმდინარეობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.