16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ეს კანონი არის ქართული, ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას და ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის 15 ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას და ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან.

"სიმართლე გახლავთ ის, რომ ევროკავშირის 15 ქვეყანას უკვე აქვს გამჭვირვალობასთან და გარე დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა. ამასთანავე, ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში, გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ათი მოქალაქიდან რვა თვლის, რომ საჭიროა დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმები და თვლის, რომ ადგილი აქვს ევროკავშირის დემოკრატიაში გარე ჩარევას მესამე მხარისგან და სთხოვს მათ ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით მიიღონ კონკრეტული ზომები. ამის შემდეგ თავად ევროკავშირმა, ევროკავშირის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიმუშავა ევრო დირექტივა და გადასცა ევრო პარლამენტს განსახილველად, რაც უნდა მიიღოს ევროკავშირმა უახლოეს პერიოდში.

15 ქვეყანას აქვს ეს რეგულაციები, დანარჩენებს მოუწოდა ევროკომისიამ, რომ შეიმუშაონ ეფექტიანი კანონმდებლობა გარე ჩარევის წინააღმდეგ. აქვთ გამჭვირვალობის რეესტრები და მათ შორის, აქ რომ ორგანიზაციები აპროტესტებენ, ამ კანონს და რუსულს რომ ეძახიან, ის ორგანიზაციები მაგ რეესტრში არიან დარეგისტრირებულნი როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩვენი ინიციატივა და ეს კანონი არის ქართული, ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას და ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. ევროკავშირშიც დღეს ეს საჭიროება დგას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს.

დღის ამბები