პროტესტის მესამე დღეს, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება დილიდან დაიწყეს. რუსთაველის გამზირი კი, კვლავ საღამოს 7 საათიდან გადაიკეტა.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ორგანიზატორებმა, რუსთაველის გამზირიდან, "ქართული ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და კანონპროექტის უკან გასაწვევად 1 საათიანი ვადა მისცეს.
ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი განცხადება გაკეთდა - ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას მომიტინგეთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
დემონსტრანტთა ნაწილი რუსთაველის გამზირიდან, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, მომიტინგეებმა პრემიერის გადადგომის მოთხოვნა დაამატეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლები, შენობაში შესვლას ითხოვდნენ.
ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შორისაც. ლევან ხაბეიშვილი ვაჟა სირაძისგან მთავრობის ადმინისტრაციაში შეშვებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა.
დაპირისპირება იყო ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორისაც. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
პროტესტის მესამე დღეს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი პირი აიყვანეს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისგან ცივი იარაღი, დანა ამოიღეს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას კვერცხები დაუშინეს,ისროდნენ წყლის ბოთლებს,დაწვეს ქართული ოცნების დროშა.
კიდევ ერთი დაპირისპირება მიტინგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა მედიის გარკვეული წარმომადგენლები ალყაში მოაქციეს. მომიტინგეები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები. მომიტინგეთა გარკვეული ნაწილი ნიკა მელიასაც დაუპირისპირდა.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა დაშლა ღამის ორი საათის შემდეგ დაიწყეს. უფრო გვიანობამდე იმყოფებოდნენ დემონსტრანტები ინგოროყვას ქუჩაზე.