ოპოზიცია მმართველ გუნდს პარტნიორების მოწოდებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" არ ემორჩილება ევრო დირექტივებს, ეს ღია განცხადებაა იმის, რომ ცვლის საგარეო კურსს.
"ამ ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორები და მხარდამჭერები არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანია საქართველო განვითარდეს დემოკრატიულად და გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. როდესაც მივმართეთ ევროკავშირს - მიგვიღე ევროკავშირში, როდესაც ხალხმა თქვა, რომ უნდა ევროკავშირი, როდესაც ყველამ ვიცით, რომ კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირში წევრობისთვის და "ქართული ოცნება" ამბობს - არა, ამ წესებს არ ვექვემდებარები, ეს ღია ცვლა არის საგარეო კურსის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ გვსურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაშინ ქვეყანამ იმ წესებით უნდა იხელმძღვანელოს, რაც ევროკავშირს აქვს დაწესებული.
"როდესაც ქვეყანა აცხადებს, რომ მისი სტრატეგიული ამოცანაა ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რა თქმა უნდა, იმ თამაშის წესებით უნდა ითამაშო, რაც დაწესებული აქვს დემოკრატიულ სამყაროს, ამ შემთხვევაში, ევროკავშირს იმისთვის, რომ გახდე ევროკავშირის წევრი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.