პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენჭს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. მანამდე კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
ინიციატივის მიხედვით, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე საწარმოები, თუ მათ საქართველოში გადმოიტანენ.
ოპოზიციას კითხვები აქვს, მათთვის გაუგებარია კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება.
"რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის ეს აქცია," – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და ყველა დეტალი გამჭვირვალე იქნება.
"ოფშორზე ისე საუბრობენ, თითქოს ჩვენ გვინდა რაღაც შავ-ბნელი თემა მოგვაბან. ოფშორების გადამწყვეტი მდგომარეობა ეკუთვნის დასავლეთის ქვეყნებს, მათ იურისდიქციაში არის და ეს არის კანონიერი ქმედება, ოფშორებიდან იმართება ძალიან ბევრი დასავლური თუ სხვა ყველა ქვეყნის კომპანიები," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
"გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა ითხოვა.
"გათვლილი გაქვთ თუ არა ვის ეხება? კონკრეტულად ხომ შეიძლება წარმოდგენა გვქონდეს, რომ ამ შემთხვევაში შემოვა მილიარდი დოლარი და 17 თვითმფრინავი, რა აქტივები იქნება, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონდეს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პაატა კვიჟინაძის განმარტებით, კანონი შეეხება მათ, ვისაც უკვე აქვთ კომპანია დაფუძნებული.
"დღეს ვისაც აქვს შექმნილი ეს ფირმა, რომელიც საქართველოში ფლობს ფირმას, ქონებას და ა.შ. მათ შეეხებათ ეს, აწი რა გაკეთდება - ამას ვერ შეეხება ვერანაირად. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ოფშორული კომპანია თუ ფლობს საქართველოში კომპანიას, საწარმოს, ქარხანას თუ რაც იქნება, იმან რომ გადმოიტანოს მაშინ არის გადასახდელი იმიტომ, რომ ითვლება, რომ საქართველოში იქმნება დოვლათი და თუ სხვა ქვეყნიდან გადმოდის საერთოდ არ არის პრობლემა, ნეტავ ვინმე რამეს შემოიტანდეს, ამაზე არის საუბარი," - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.