16 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ვისაც გონია, რომ საქართველოს პარლამენტს, არ აქვს უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, მაშინ ეს ადამიანები არიან მცდარ გზაზე, ესე იგი, არ უნდათ სახელმწიფო ჰქონდეთ - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია მმართველ გუნდს პარტნიორების მოწოდებების და რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია უარგუმენტოდ, გამჭვირვალობის კანონის ქართული პროექტისთვის რუსულის წოდება.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ კანონპროექტი გულისხმობს მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას, საზოგადოებისთვის, ფინანსების წარმომავლობის მეტ სიცხადეს და ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებას. საუბრობენ ორმაგ სტანდარტზეც - როდესაც ოპონენტები ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებას რუსულ საქმედ რაცხავენ, პარალელურად კი კანონის მიღებაზე აზრს უცხოელებს ეკითხებიან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო სუვერენულ გადაწყვეტილებებს იღებს და ვისაც ჰქონია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ესე იგი მათ არ სურთ, რომ სახელმწიფო ჰქონდეთ.

"ვისაც გონია, რომ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, ხელისუფლებას, ხალხს არ აქვს უფლება, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც ევროკავშირმა თავის სივრცეში თქვა, რომ საჭიროა და ევროკავშირმა თავის სივრცეში დაადგინა ეს პრობლემა, მაშინ ეს ადამიანები არიან მცდარ გზაზე, ესე იგი, არ უნდათ სახელმწიფო ჰქონდეთ და არ უნდათ, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყანამ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, იბრძვის ჩვენი თაობა.

რაც ევროკავშირში არის, პრობლემა, საფრთხე და გამოწვევა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ის არის უფრო მეტად პრობლემა და გამოწვევა, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ დავიწყეთ იგივე პროცესი, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული იყოს იმ რისკებისგან, იმ საფრთხეებისგან, ასევე მოქალაქეებს ჰქონდეთ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც სჭირდება დემოკრატიულ სისტემაში, დემოკრატიულ პროცესში გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვისაც სურს, რომ საქართველოს ესაუბროს, როგორც დამოუკიდებელ, პარტნიორ, ევროპასთან დაკავშირებულ და ევოლუციის გზაზე მიმავალ ქვეყანას, მოუწოდებს, რომ დასხდნენ სასაუბროდ და არ წააქეზონ მიტინგები.

"ვისაც მართლა სურს, რომ საქართველოს ესაუბრონ, როგორც დამოუკიდებელ, პარტნიორ, ევროპასთან დაკავშირებულ და ევოლუციის გზაზე მიმავალ ქვეყანას, მოვუწოდებთ, რომ დასხდნენ სასაუბროდ და არ წააქეზონ მიტინგები.

ამ კონკრეტულ კანონთან მიმართებაში, მზად ვართ, რომ ღია დისკუსია გვქონდეს, მით უმეტეს, მეორე მოსმენის რეჟიმში გადავიდა. არ არის ძალიან დიდი კანონი, სულ რაღაც 11 მუხლისგან შედგება.

განვიხილოთ, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არ შეიძლება იყოს სუვერენულ სახელმწიფოს ინტერესში და რაც არ შეესაბამება დემოკრატიისა და ევროკავშირის სტანდარტს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები