"დაუძინებელი მეგობრები ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებას ცდილობენ" - ასე იწყება "ხალხის ძალის" ახალი წერილი, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობას" ეხება. უმრავლესობის დეპუტატები კანონის მიღების საჭიროებასა და საგარეო კრიტიკის მიზეზებზე წერენ. განცხადება ვრცელია, მასში საუბარია არაერთ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც პარტიის შეფასებით, ორმაგ მოგებაზე გათვლილი უცხოური კაპიტალდაბანდებაა. "ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ ფინანსების გასაჯაროების შემთხვევაში, საზოგადოება გაიგებს, რეალურად რა არის გრანტების მიზნობრიობა.
"ხალხი ძალა" აცხადებს, რომ თავად ევროპაც გარედან იმართება და ამის შედეგია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული კრიტიკული რეზოლუციები, ასევე კანდიდატის სტატუსზე პირველად ნათქვამი უარი. წერენ იმაზეც, თუ რა გავლენა მოახდინა 2008 წლიდან დაწყებულმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა მსოფლიო ეკონომიკაზე.
"ხალხი ძალა" წერს იმასაც, რომ 2020 წლის მოვლენების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" და მესამე სექტორის მონაწილეობით წელს უკვე მესამე მცდელობა იქნება - ხელისუფლებაში ყოფილი ხელისუფლება დაბრუნდეს. ირწმუნებიან, რომ საბაბი საქართველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი იქნება. ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობა ამ განცხადებით წინასწარ ცდილობს მოსალოდნელი მოვლენების პრევენცია მოახდინოს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქამდეც არაერთხელ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის მცდელობა - არჩევნების გვერდის ავლის გზით.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი ინიციატორი სწორედ "ხალხის ძალა" იყო, რომელმაც გასულ წელს პარლამენტში კანონის ორი ვერსია დაარეგისტრირა.