16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
რუსული ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა და უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია - თემები, რომლებსაც სუს-ის ანგარიშში დიდი ადგილი უკავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში, კანონის შესაბამისად, გადაგზავნილია და უკვე საჯაროა. 53-გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას მოიცავს. საქართველოს სახელმწიფოს ძირითად საფრთხეს, კვლავ, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, გასულ წელსაც გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტური და ვიტალი კარბაია, ე.წ. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები - ამ ქმედებებით, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საოკუპაციო ძალები სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელებას ცდილობდნენ. 

ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება კონტრტერორისტულ მიმართულებას. 2023 წელს, უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად, აშშ-სა და ევროპის დედაქალაქებში ტერორისტული აქტივობების პრევენცია მოხდა. ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა, წინა წლების მსგავსად, დადებითად იქნა შეფასებული. გასულ წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, "გლობალური ტერორიზმის ინდექსის" მიხედვით, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმებით, საქართველომ წელსაც საუკეთესო პოზიციაზეა - რაც ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის გავლენის არარსებობას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს, კანონმდებლები, უახლოეს დღეებში, საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ. დოკუმენტი უკვე წაიკითხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის მოხსენებას ელიან.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სხვადასხვა აქტორი ცდილობდა პოლიტიკური ვითარების გამწვავებასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებებისთვის ნიადაგის მომზადებას. რისკების განეიტრალება და პრევენცია კი სუს-მა სხვა უწყებებთან კოორდინაციით შეძლო.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წელს, კომპლექსური ღონისძიებები კორუფციის წინააღმდეგაც განხორციელდა. კონკრეტულად კი, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე. დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ფაქტებზე პასუხისგებაში 72 პირი მიეცა. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის 6 წევრ ქვეყანას უსწრებს.

დღის ამბები