16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ზუგდიდის შემდეგ რუსთავი - "ქართული ოცნება" საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა ოპოზიციონერი თანამდებობის პირების იმპიჩმენტს ითხოვს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადება შევიდა, რომლითაც "ქართული ოცნება" მის იმპიჩმენტს ითხოვს. მმართველმა ძალამ რიგგარეშე სხდომის მოწვევაც მოითხოვა, სადაც, ნოდარ შეროზიას გარდა, საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი თანამდებობის პირების დათხოვნის საკითხი დადგება. მიზეზად, მმართველ გუნდში იმას ასახელებენ, რომ, ოპოზიციის ხელმძღვანელობით, რუსთავის საკრებულო სათანადოდ ვერ მუშაობს, ირღვევა რეგლამენტი, ფერხდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და საუბრობენ აპარატის წევრებზე ზეწოლაზეც. მერი ამბობს, რომ ეს 3 წელია გრძელდება და დროა, დასრულდეს.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოს" წევრები უარყოფენ, რომ ქალაქი რაიმე სახით შეაფერხეს. ისმის საპასუხო ბრალდებებიც.

ალექსანდრე ბერიძე ერთ-ერთია იმ 4 დეპუტატს შორის, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" სულ ახლახან გამოეყო. ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე ეს პროცესები "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის იმპიჩმენტის მოთხოვნის დამატებითი საფუძველიც კი გახდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტის პროცესში ჩართვას არ აპირებენ. რაც შეეხება გახარიას პარტიას - დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ კონსულტაციები თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში, გაიარა.

პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის არჩევანი აშკარაა და იგი დესტრუქციაზე გადის. აღნიშნავენ, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად აფერხებენ პროცესებს და ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის, რომ საკრებულოში საქმე იმპიჩმენტით დასრულდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 18 ხმა არის საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი 16 მანდატი აქვს. თუ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე "ოცნების" განცხადებას არ დააკმაყოფილებს და რიგგარეშე სხდომას არ ჩანიშნავს, მმართველ გუნდს შეუძლია, საკითხი, პირველივე რიგით სხდომაზე, 23 აპრილს დააყენოს.

დღის ამბები