იდეაც მოსწონს და შეთავაზებასაც იღებს - სოფო ჯაფარიძე მზადაა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბორდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავოს, თავმჯდომარე კი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ინიციატივა სწორედ მას ეკუთვნის. მსჯავრდადებულმა ექსპრეზიდენტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. გარდა ამისა, სააკაშვილმა ოპოზიციას ერთიანობისკენ კვლავ მოუწოდა - საერთო სია, ეს მისი სურვილია, რომლის პირველ ნომრადაც ყოფილი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაშიც, სოფო ჯაფარიძეს ასახელებს. თავად ჯაფარიძე ამბობს, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს და სააკაშვილის ორივე იდეაზე პარტიასთან კოორდინაციაშია.
პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის ორივე იდეას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურაზე გუნდი ჯერ არ მსჯელობს. სიის პირველ და მეორე ნომერზე რომ კონსულტაციები იქნება - ამაზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებული "სტრატეგია აღმაშენებელიც" საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის ორივე იდეას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. თაკო ჩარკვიანი კოლეგებს ურჩევს, პირადი ამბიციები გადადონ და გაერთიანდნენ. იაგო ხვიჩია კი მეტიც, სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა აღუდგინოს, რათა სააკაშვილს ოფიციალურად შეეძლოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. თუმცა, "გირჩს" საერთო სიაზე შედარებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ერთად იბრძოლებს თუ ცალ-ცალკე, ისინი დამარცხებისთვის მაინც განწირულები არიან. "ქართულ ოცნებაში" დღეს მიხეილ სააკაშვილს ისიც შეახსენეს, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის და არ აქვს უფლება, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე არაერთხელ უსაუბრია. მსგავსი შინაარსის განცხადებებს ის სასამართლოს სხდომათა პროცესებზეც აკეთებს. ოპოზიციური საერთო სიის ფორმირებაზეც პარტიებს პირველად სწორედ სასამართლოდან მოუწოდა.