16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მამული, ენა, სარწმუნოება - ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება - ვასილ მაღლაფერიძე

მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამული ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია; ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი; სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია.

„მამული, ენა, სარწმუნოება – სიტყვებით კეკლუცობისთვის მოგონილი ტრიადა კი არ არის, არამედ ეს ტრიადა ქმნის იდეას, რასაც საქართველო ეფუძნება. საქართველოს ისტორია, არსებითად, სწორედ ამ იდეის დაცვის ისტორიას წარმოადგენს – ომის დროს ხმლით და თოფით იცავდნენ, მშვიდობიანობის დროს – კულტურის და ეკონომიკის ასპარეზზე.

მამული ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია; ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი; სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია; როდესაც საქართველომ რომის იმპერიის კვალდაკვალ ქრისტიანობა მიიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიულად აზიაში მდებარე ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გახდა (და დღემდე არის) იმ ცივილიზაციის ნაწილი, რასაც დღეს ევროპული ცივილიზაციას ვეძახით! ვახტანგ გორგასლის ანდერძი – „აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და… სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ხაზს და დღემდე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილად რჩება (ბერძენთა სიყვარულში ვახტანგ მეფე რომის იმპერიასთან ცივილიზაციურ ერთობას გულისხმობდა). ამ ტრიადას რომელიმე ერთი პოსტულატი თუ გამოაკლდა, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდებმა ემოციურ ფონზე ყურადღება არ მიაქციეს ამ ტრიადაში ერთი სიტყვის შეცვლას, თუმცა, ვინც „სარწმუნოების” „ერთობით” ჩანაცვლება ჩაიფიქრა, იმან ზუსტად იცის, რომ ამით საქართველოს იდეას კლავს, ხოლო უადგილოდ გამოყენებული თავისთავად მშვენიერი სიტყვა და ცნება „ერთობა”, სინამდვილეში ერთობის წინააღმდეგაა მიმართული და მხოლოდ განხეთქილებას გააღრმავებს.

ქვეყნის შიგნით მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება, რასაც ყველანაირად აღვივებენ ათასი ჯურის პოლიტიკანები, მედროვეები და ავანტიურისტები, რომლებიც ქვეყნის გადაწვით აპირებენ ხელის მოთბობას, თუმცა, არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის – ბევრ ადამიანს გულწრფელად კარგი სურს თავისი ქვეყნისთვის და ასევე ძალიან გულწრფელად დამნაშავედ და მოღალატედ მიაჩნია, მისივე თანამოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს.

სამწუხაროდ, ჩვენში დისკუსიის კულტურა უიმედოდ გარდაიცვალა და მისი ადგილი ბულინგის ხელოვნებამ დაიკავა, თორემ ამ ტრიადის ასე ხელაღების შეცვლის მცდელობამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „სწორედ დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს”, რომ დიდი ეროვნული დისკუსია დაიწყოს იმის გასარკვევად, როგორ ვიაზრებთ საქართველოს რაობას, კულტურულ ფასეულობებს, ეროვნულ მიზნებს, წარსულს, ფუნდამენტურ ცნებებს, როგორ ვხედავთ მომავალს და ასე შემდეგ. დაგვრჩა კი რაიმე საერთო?! სამწუხაროდ, ეს რიტორიკული შეკითხვა არ გახლავთ! თუ აღმოჩნდა, რომ აღარც მამული, ენა და სარწმუნოება გვაერთიანებს, აღარც ქვევრი, აღარც ვეფხისტყაოსანი, აღარც ისტორია, აღარც ეროვნული იდენტობის გამომხატველი სიმბოლოები და სიწმინდეები, თამარ მეფეზე პრეზერვატივი გვაგონდება, ერეკლეზე ღალატი, აღარც საერთო მიზნები გვაქვს და საერთოდაც ერთმანეთის დანახვა გვძაგს, მაშინ რა დაგვრჩა ის დამაკავშირებელი, რაც ერს ერთ მთლიანობად ქმნის?!

რომელიმე ერთი კანონის გამო ერთმანეთის ხოცვას რა აზრი აქვს, თუ წინასწარვე ვიცით, რომ მომავალშიც კატეგორიულად არ მოგვეწონება ერთმანეთის მიერ მიღებული მხოლოდ კანონები კი არა, არამედ, უბრალოდ გამოთქმული აზრიც კი და წინდაწინვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც არაფერზე შევთანხმდეთ. დისკუსია აუცილებელია არა რომელიმე კანონთან დაკავშირებით, არამედ იმის გასარკვევად, რა დაგვრჩა საერთო ფასეულობა და ღირებულება. თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს, აღარც საკამათო გვაქვს რამე, გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, ვერც გავიგებთ და სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

დღის ამბები