ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრიან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 311 მომხრე, 112 წინააღმდეგი- ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი გამოეხმაურა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის მხარდაჭერას ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოიყენებენ.
"მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას", – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს.
“ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად", – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას. უკრაინას ექნება ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", – წერს ჯოზეფ ბორელი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც გამოეხმაურა. შარლ მიშელი მიესალმება გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს კრემლისთვის მკაფიო გზავნილია.
“მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის: მათ, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და გაერო-ს წესდების, განაგრძობს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას", – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს", - წერს დმიტრო კულება.