საპროტესტო აქციებზე გაჟღერებულ სლოგანებს ანტიეროვნულს, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულ კამპანიას უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქართული მენტალობის და აზროვნების ცვლილება სურს და იმ სამ საუნჯეში სარწმუნოების გაქრობა ნიშნავს ეკლესიის და რწმენის გაქრობას.
"წარწერა არის ილია ჭავჭავაძის ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, როგორც მან ბრძანა, რომელზეც დგას ჩვენი ერი. ბუნებრივია, ამის შეცვლა ამორალურია და კარგად ჩანს, რომ უკვე მორალურ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ქართული მენტალობის, აზროვნების ცვლილება სურთ და იმ სამ საუნჯეში სარწმუნოების გაქრობა ნიშნავს ეკლესიის გაქრობას, ნიშნავს რწმენის გაქრობას. ამას ვერ მიაღწევენ. ქართველის დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ეს კომუნისტებმა ვერ ამოძირკვეს 70 წლის განმავლობაში. მით უმეტეს, ვიღაც კონკრეტული პირი, ვისაც ასეთი მდარე სურვილები აქვს საკუთარი ქვეყნის მიმართ, ამას ვერ მიაღწევს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გარკვეული ჯგუფები, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას არა შემთხვევით არამედ მიზანმიმართულად ებრძვიან, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.
"ეს არ არის შემთხვევითი და ამით მოხდა აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფები ებრძვიან იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს ჩვენ. ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პარალელურად თავს ესხმიან ეკლესიას, მტრობენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. უკვე ცხადი ხდება საიდან მოდის ეს ყველაფერი, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანია. ამას უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს მათ მხრიდან, ვიდრე ერთი კონკრეტული აქციის ფარგლებში შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია მოძრაობა “ჯიუტისა“ და “დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციაზე, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებმა ფიცის დადების დროს - "ენა, მამული, სარწმუნოება" - სიტყვა სარწმუნოება ერთობით შეცვალეს. დღესვე პლაკატები წარწერით მამული, ენა სარწმუნოება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გამოჩნდა.