16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
აქციები, მსვლელობები, დაპირისპირებები, დაშავებულები და დაკავებულები - გამჭირვალობის კვირა

15 აპრილი, დილის ათი საათი. რუსთაველის რვა ნომერში კანონმდებლები, რუსთაველის რვასთან კი აქტივისტების ნაწილი იკრიბება. დეპუტატები "ქართული ოცნების" ხმაურიანი კანონპროექტის განხილვას იწყებენ. ტრიბუნას უმრავლესობის ლიდერი იკავებს. მამუკა მდინარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპონენტებსა და საზოგადოებას პროექტის შინაარს აცნობს.

იურიდიული კომიტეტი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი მალევე ხდება. კამათი კითხვა-პასუხის დროსაც გრძელდება. "ქართული ოცნება" არგუმენტებს ითხოვს, ოპოზიცია კი კანონპროექტს რუსულად აცხადებს. ინიციატივას აკრიტიკებს მესამე სექტორიც, რომლის წარმომადგენლებიც განხილვაში მონაწილეობენ.

და ასე დაპირისპირებაში, 7 საათიც ახლოვდება, ქვეყნის მთავარ გამზირზე დემონსტრანტების რაოდენობა იზრდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს ინიციატივის უკან გაწვევას სთხოვენ.

პროტესტის ფონზე თითქმის 12 საათიანი განხილვა სრულდება - კანონპროექტს კომიტეტი მხარს უჭერს. ქვეყნის მთავარ გამზირზე კი პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო იზრდება. ისმის მოწოდებები პარლამენტის შესასვლელებთან გადანაცვლების. ცხრა აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩნდება. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოწოდება დაპირისპირებაში იზრდება, რამდენიმე ინციდენტი კი დაკავებებით სრულდება.

15 აპრილის ღამე კონკრეტული გეგმით სრულდება - ისევ რუსთაველზე და ისევ პროტესტისთვის საზოგადოების ნაწილი, შეკრების დროდ 12 საათს აცხადებს...

დღე მეორე, დილის 12 საათი - დეპუტატები ამჯერად სხდომათა დარბაზში იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მეორედ დაბრუნებულ კანონპროექტს, მეორე დღესაც ქუჩაში აპროტესტებენ, თუმცა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად პარლამენტი რჩება. დებატების დროს, სიტუაციაც არაერთხელ იძაბება. ოპოზიცია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის დაზიანებაზე აკეთებს აქცენტს. არგუმენტად მოჰყავთ დასავლეთის კრიტიკული განცხადებებიც.

ხმაურიანი დღე კენჭისყრით არ სრულდება. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მეორე დღისთვის იგეგმება, თუმცა მოვლენათა ეპიცენტრი ისევ დედაქალაქის ცენტრალური გამზირია, სადაც სიტუაცია პერმანენტულად იძაბება. პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება, მოწოდებები პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებისკენ და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება... 16 აპრილის ღამეც მომდევნო დღეს შეხვედრის დათქმით სრულდება......

ისევ 12 საათი, ისევ ქუჩა და ისევ საკანონმდებლო ორგანო. კანონპროექტის განხილვა ურთიერთბრალდებებით გრძელდება. ევროკავშირის და საქართველოს დროშები ტრიბუნებზე, სიტყვიერი დაპირისპირება, მუშტების ბრახუნი- მანდატურებს ვითარების განმუხტვა უხდებათ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს დარბაზიდან აძევებენ.

საქართველოს გზა რომ ევროპაშია ეს დარბაზში თუ დარბაზ მიღმა ისმის, განხილვის პარალელურად დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრების განცხადებებიც. სწორედ ფეხბურთელების გზავნილით და ქვეყნის არჩევანით აჯამებს, კენჭისყრამდე საკუთარ სათქმელს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი.

17 აპრილი, 14:35 საათი 83 დეპუტატი, მწვანე ღილაკით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით იღებს. წინააღმდეგი დარბაზში აღარავინაა, თუმცა წინააღმდეგობრივი ტალღაა პარლამენტთან. პრეზიდენტი BBC-ის ეთერით ვეტოს აანონსებს.

რეზონანსული კანონპროექტის რეზონანსულ განხილვას დღის ბოლოს პრემიერ მინისტრიც აფასებს და საკითხს ერთსაათიან ვრცელ ბრიფინგს უძღვნის.

ამ განცხადებიდან მალევე, აქციაზე ულტიმატუმი ისმის, ერთ საათიანი ვადა კანონპროექტის გაწვევისთვის. დემონსტრანტები პარლამენტიდან კანცელარიასთან ინაცვლებენ - პოლიტიკოსთა ნაწილი პრემიერ მინისტრთან შეხვედრას და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვს.

აქცია მშვიდობიანად იშლება, თუმცა შეკრების თარიღზე აზრები ორად იყოფა. ნაწილი ქუჩის პროტესტის საჭიროებას ყოველდღიურად ხედავს. ნაწილი კი მეორე მოსმენის მოლოდინშია. ინიციატივის მეორე განხილვისთვის დეპუტატები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შეიკრიბებიან და კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.

მანამდე კი ახალგაზრდების ნაწილი ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბება და პროტესტს გამოთქვამს. იყო სტუდენტების ფიცი, ქალების მარშიც და მსვლელობები ქალაქში...

კანონპროექტი კი კანონად საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა იქცეს.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები