მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. საორგანიზაციო კომისია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პირველ შეხვედრას ხვალ ქუთაისში გამართავს, მომდევნო დღეებში კი ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში. კომისიის შემადგენლობაშია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ემატება პუნქტი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
კონსტიტუციური კანონის ეს პროექტი განსაზღვრავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება ქორწინებას, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდას. ასევე ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებას, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებას, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას, ამავდროულად შეკრებისა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.