2023 წელს მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 72 კანონი მიიღეს სხვადასხვა შტატში, ზუსტად ამ [ლგბტ] თემებს ეხება, რომლებზეც ჩვენც ვსაუბრობთ მათ შორის, - ამის შესახებ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"2023 წელს მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 72 კანონი მიიღეს სხვადასხვა შტატში, ზუსტად ამ [ლგბტ] თემებს ეხება, რომლებზეც ჩვენც ვსაუბრობთ მათ შორის. განსაკუთრებით ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში პროპაგანდის საკითხებს. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ამ მხრივ კანონები მიღებული,"- აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ შეექმნება ევროინტეგრაციას საფრთხე და თუ აქვთ კონსულტაციები ევროპელ კოლეგებთან ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რაც არის კარგი საზოგადოებისთვის, ის არის კარგი ევროპული მომავლისთვის.
"რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი საკითხები, თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება. როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ამ თემებს იქნება ეს ევროპული ქვეყნები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ მიდის მსჯელობა, თუ რა არის კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება, შესაბამისად, რაც კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, ის კარგია ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.