"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ქუთაისიდან დაიწყო. საორგანიზაციო კომისია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები შედიან, მოსახლეობას ლადო მესხიშვილის თეატრში შეხვდა.
შეხვედრაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რასაც ცვლილებები ითვალისწინებს. დარბაზში დაისვა შეკითხვებიც.
როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი მხოლოდ ერთი მუხლისგან და რვა პუნქტისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ამასთან, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ემატება პუნქტი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კი კონსტიტუციაში ჩაიწერება.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.