16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მასშტაბური აქცია პარლამენტის წინ ზუსტად ერთ კვირაში ჩატარდება - "ქართული ოცნება" მომხრეებთან ერთად შეიკრიბება

ზუსტად ერთ კვირაში, პარლამენტის წინ, "ქართული ოცნება" მომხრეებთან ერთად შეიკრიბება. მათივე ინფორმაციით, საყოველთაო შეკრების თხოვნა მხარდამჭერებისგან მიიღეს. წინასწარ ცნობილია, რომ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

პარლამენტთან დაგეგმილი მასშტაბური აქციის შესახებ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება დილით გაავრცელა. მმართველი პარტიის თქმით, მაშინ როდესაც "ოცნების" რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას კი, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და, ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. მდიდარი "ენჯეოები" და პრეზიდენტი ხალხის სახელით საუბრობენ - ეს არამარტო მათ მომხრეებში, არამედ საზოგადოებაში, სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. სწორედ საზოგადოების გაყოფისკენ და დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ოპოზიცია დაგეგმილ შეკრებას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, განსაკუთრებით ეს საფრთხის შემცველი მაშინ იქნება, თუ სწორედ 29 აპრილს ჩაინიშნება კანონპროექტზე მეორე მოსმენა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, საზოგადოებას შორის დაპირისპირებაზე საუბრით, ოპოზიცია წინასწარ ცდილობს 29 აპრილს დაანონსებული აქციის დისკრედიტაციას.

ხელისუფლების ოპოზიციის ნაწილისთვის ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ დაორგანიზებული შეკრება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. პარტიებში მიიჩნევენ, რომ, ხალხმრავალი შეკრებით, სახელისუფლებო პარტია პოლიტიკური რესურსის დემონსტრირებას შეეცდება.

საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია და ის ყველამ უნდა დაინახოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მოსახლეობას კი მეტი ინფორმაცია სჭირდება. სამთავრობო გუნდში, დღეს, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ გეგმავენ.

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, პირველი მოსმენით, განხილულია. სავარაუდოდ, სწორედ მომავალ კვირას ჩაინიშნება "ოცნების" მიერ ინიციირებულ პროექტზე მეორე, მუხლობრივი მსჯელობა.

დღის ამბები