ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე სასაუბროდ სახალხო განხილვის კომისია ქუთაისში ჩავიდა. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა, კანონმდებლებლებთან ერთად, ადგილობრივ საზოგადოებას უმასპინძლა. შესავალი სიტყვით კომისიის თავმჯდომარემ ისარგებლა და შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტა საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება.
მესხიშვილის თეატრში შეკრებილებს უმრავლესობის ლიდერმაც მიმართა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ ჩაუვლია კითხვა-პასუხის გარეშე. შინაარსობრივი მსჯელობის გარდა, შეხვედრას თავისი კვალი დაატყო ქუთაისურმა იუმორმაც.
ოპოზიციის კვოტით დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ფრიდონ ინჯია მონაწილეობდა.პარტია "საქართველოსთვის" წევრების გარდა სხვა ოპოზიციური პარტიები განხილვებში მონაწილეობას არ გეგმავენ.
მმართველი გუნდის ოპონენტებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მათ ჩართვას კონკრეტული შედეგები არ მოჰყვება.
"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა, რომ ოპოზიცია კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით შინაარსობრივ დისკუსიებს გაურბის.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ისეთი შეკრება და იმ შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანების ურთიერთობის, ინცესტის, არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის, მინდობით აღზრდის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ცვლილებებით, არასრულწლოვანის შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალსა და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს შეეძლება. სახალხო განხილვის კომისიას ხვალ ამბროლაური უმასპინძლებს.